04.12.2019 14:59
„მერე ჩაიდნების ბაღი გავაშენე, ჩაის ფერებითა და ყვავილფერებით“ - აჩაბეთიდან დევნილი 22 წლის თამარ ბაბუციძის შემოქმედება
„...მერე ჩაიდნების ბაღი გავაშენე, ჩაის ფერებითა და ყვავილფერებით.
ველოდებოდი და ვუმოწმებდი თვალებს ყველა გამვლელს, გამომვლელს...
ღობის გადაღმა არსებობას ვაკვირდებოდი,
რომ სადღაც ვიღაც მომეძებნა ჩაის ფერისთვის.
ველოდებოდი ისეთს, ვინც ხელში ფინჯნით და გაზაფხულით შემოვიდოდა -
შევისახლებდი“...
ფსევდონიმი - ფარვანა, იგივე თამარ ბაბუციძე აჩაბეთიდან გახლავთ. დაიბადა 1997 წლის 1 აპრილს. გამოირჩევა მრავალმხრივი ნიჭით, იცვლის უნივერსიტეტებს, სპეციალობებს... განათლებას ამჯერად ფსიქოლოგიის მიმართულებით იღებს. საინტერესო ლექსების ავტორი, ბუნებით პერფორმერი...
„ბოლომდე დარჩი, სანამ ცეკვას დავამთავრებდე,
სტილით მაცვია - უთავბოლო სიკვდილზე სადად,
იმ ბაზრობაზე ნაყიდია ჩემი თვალები,
ადამიანმა ხელოვნება იყიდა სადაც“, - უნიკალური ემოციური ინგრედიენტების გამოყენებით, რომლის დამზადების საიდუმლოც მხოლოდ მან იცის, ყველაფერი შეიძლება საინტერესოდ აქციოს. გადატვირთული ყოველდღიური რეჟიმიდან გამომდინარე, ხშირად აცდენს სასწავლო პროცესს, მაგრამ როგორც მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ამბობენ, „პოეზიის ლექციები“ არასოდეს გაუცდენია.
თამარ ბაბუციძე: „რამდენიმე წლის წინ სხვებმაც მკითხეს, სად წარმომედგინა ჩემი თავი წლების შემდეგ, რომელ პროფესიას ავირჩევდი და რატომ? მე კი, ვუპასუხე - მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნები, მთავარია, ბავშვებთან მქონდეს საქმე. დღეს ასეც არის. როცა თვალებიდან მზე ამოგდის, ჯერ შენს პატარა დედამიწაზე თენდება, შემდეგ კი, სხვაშიც ნაწილდები, ვინ იცის, ერთ დღეს, როგორ გაათბოს შენგან ამოსულმა მზემ მოზარდების მომავლის სამყარო. მაგალითად, მე, ამას ჩემი შემოქმედებით, ლექსებით ვცდილობ და ვიმედოვნებ, თამარ ბაბუციძის პოეზია ადამიანების ყოველდღიურ რუტინულ ყოფას ოდნავ უკეთესს გახდის“.
მიუკარებელ კილომეტრებს ვაუქმებ საზღვრად
მიუკარებელ კილომეტრებს ვაუქმებ საზღვრად,
უფერო ვარდებს ეცრემლებათ მტვრიანი სისხლი,
მე არ ვეკუთვნი ამოსუნთქულ სათქმელთა ნაზავს,
მე ის ლოთი ვარ, სამყარო რომ ტკივილებს უსხავს.
ყინულით, ქოლგით ღამის ფონზე ნელ-ნელა ვწრუპავ,
მიდი-მოდიან შეგრძნებები, ფიქრები, გლოვა,
მე ვცეკვავ წყვილში ყველაფერთან, წყვდიადი მღუპავს,
და ვფიცავარ ეს, ის შეგრძნებაა მიწა რომ თოვდეს.
ზღვებიდან მომდევს შეშლილობა, შვება ფერების,
გახრწნილ ამინდებს ვინაწილებ ტანში ტონებად.
დამაქვს ქალაქი ოცნებებით შენაფენები,
უგაჩერებოდ შუა გზაზე არ იტოვება.
ბოლომდე დარჩი, სანამ ცეკვას დავამთავრებდე,
სტილით მაცვია – უთავბოლო, სიკვდილზე სადად,
იმ ბაზრობაზე ნაყიდია ჩემი თვალები,
ადამიანმა ხელოვნება იყიდა სადაც.
უთანაბრო სუნთქვა
ყინვის ძალით უთანაბრო სუნთქვამ რომ არ შემომკარგოს,
ამინთია კოცონი და თითო ლექსით ვთბები ასე,
მე თუ მკითხავ, ეს ცხოვრება ზამთარია ჩემო კარგო
და საკუთრის გარდა ვერსად გამოდგები მეფინანსედ.
ამინდს შერჩა სიმარტოვე გრადუსებში, ნულის ქვემოთ,
ღამე ვეღარ ეზიდება, აივნამდე მთვარის ყინულს,
არ შეწყვიტოს არსებობა და მე ღირსი თუ ვიქნები,
დედამიწამ ჩანაცვლებულ მანათობლად დამიყენოს.
ჩვეულ გზაზე გამიყენოს, ოცნებებში შემომკარგოს,
მთავარია წილი ტვირთი ადგილამდე მიმეზიდოს,
მე თუ მკითხავ ეს ზამთარი საჭიროა ჩემო კარგო,
რომ კოცონი არ ჩაქრეს და თითო ლექსი ღირდეს სითბო.
გარეთ არს ყველა
გარეთ არს ყველა არსებობა ჩემივე კართან,
გარედან არა, პოეზია შიგნიდან მაღებს.
და ნულოვანი გრადუსების მიტინგებს ვმართავ,
თუმც არც ყინული არ მგონია ოდესმე გალღვეს.
წყალდიდობაა, მტვერი ადევს ხალხს და ახია
მათზე, ჰო ანდაც სულ პირიქით სახელი ერქვას,
ჩვენი ცხოვრება მმართველების დიდი დახლია,
და ჩვენ არ ვიცით, რომ ამ მსხვერპლის შესახებ ვერ ვთქვათ.
ყველა მონეტას ორის ნაცვლად სამი მხარე აქვს
და ის მესამე წაშლილია, გაყინულია,
და ვიხდით გროშებს ერთმანეთში დიდი ხანია,
თუმც თითოეული ჩვენთაგანი გაყიდულია.
თავს ესხმიან სიმშვიდეს ქვეყნის დიდებულები
თავს ესხმიან სიმშვიდეს ქვეყნის დიდებულები,
ჩვენგან იშვიათები ახერხებენ ლაპარკს,
მე ვიქნები, შენ თუ ის დამოკიდებულები,
ეპოქისთვის მერწმუნე მნიშვნელობა არა აქვს.
წმინდა თამაშობები ჰყრია ნაგავსაყრელზე,
დგას პულტიან აკვანში სათამაშო ფულების.
დიდი კორიანტელი, ტაშის შემოსაკვრელად
დოლარებად გამვლელი დაქირავებულები.
ვირტუალურ სივრცეთა გამჭვირვალე საფარი,
ოზონის შრეს გასცდა და სფერო დააავადა,
რწმენას ადევს კაცისთვის, რა ძვირი და რა ფასი,
სინანული დღის ნაცვლად წლებით გადაავადა.
აღარც ერთი პლიუსი არსებობის გრაფაში,
ინტერნეტის წისქვილზე გაგვაქვს ცოდვის ტომრები,
დრო არაფერს გაიღებს გასამრჯელოდ საფქვავში,
დიდი კითხვის ნიშნებით იარსებებს ტომები.
მე კი, ნაგავსაყრელზე წმინდა თამაშობების,
ცალხელა და უთავო თოჯინების პირისპირ,
გვირილებში ჩავჭკნები, ღამეს განაშორები,
უთქვენობის ხარისხით მივეცემი ძილისპირს.