დღეიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ ათლარიანს გაუშვებს. სახეცვლილი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით. ასევე, დატანილია ნაწყვეტი პოეტის ლექსიდან ,,გაზაფხული" და გამოსახულია აყვავებული რტო და მერცხალი. ნომინალის უკანა მხარეს კი, წარმოდგენილია მხატვარ დავით კაკაბაძის ცნობილი ტილო - ,,იმერეთი დედაჩემი“.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, მიმდინარე წელს ცნობილ ქართველ მხატვარს დაბადებიდან 130 წელი უსრულდება. ლარი კი, 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამიტომ, გარკვეულწილად სიმბოლურია, რომ ეროვნული ვალუტა ამ თარიღს განახლებული ბანკნოტების სრული სერიით შეხვდება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.
შეგახსენებთ, განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება ეტაპობრივად დაიწყო: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, შემდეგ, 2016 წლის 1 ნოემბრიდან - 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, ხოლო 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2017 წლის 1 სექტემბრიდან ჩაეშვა.