დღეს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში, გიორგი კარელიძის სახელობის ტურნირის ფინალური შეჯიბრებები გაიმართა. კრივის ტურნირის ფინალურ პაექრობებს გორის მერი, ლადო ხინჩეგაშვილი დაესწრო და გამარჯვებულების დაჯილდოებაშიც მიიღო მონაწილეობა.
ცნობილი გორელი მწვრთნელის, გიორგი კარელიძის სახელობის ტურნირი კრივში, სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. სპორტულ აქტივობაში საქართველოს 25 სხვადასხვა ქალაქში არსებული კრივის სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობდენენ.
„გაიმართა კრივში ჭაბუკებს შორის შეჯიბრება, ეს არის დამსახურებული მწვრთნელის, გიორგი კარელიძის სახელობის ტურნირი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ვფიქრობ, მსგავსი შეჯიბრებები ძალიან მნიშვნელოვანია კრივის განვითარებისთვის, პოპულარიზაციისა და მომავალი თაობისთვის შეასაბამისი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ყოველთვის მივესალმები და ხელს შევუწყობ მსგავს ღონისძიებებს“, - განაცხადა გორის მერმა, ლადო ხინჩეგაშვილმა.
გიორგი კარელიძე გორში კრივის დამაარსებელი გახლავთ, სწორედ მის სახელს უკავშირდება პირველი კრივის სკოლის გახსნა ჩვენს ქალაქში. კარელიძის სახელობის ტურნირი, რამდენიმე წელია შიდა ქართლში ყოველწლიურად ტარდება.
ბექა ლობჟანიძე, კრივის შიდა ქართლის ფედერაციის პრეზიდენტი: „გიორგი კარელიძე იყო ჩვენი მწვრთნელი, ადამიანი, რომელმაც შექმნა კრივის სკოლა და ზოგადად, დააარსა კრივი. მისი სახელობის ტურნირს ჩვენ ვატარებთ ყოველწლიურად, ვფიქრობთ, რომ ეს ტურნირი მომავალ წელს უკვე იქნება საერთაშორისო, ამ საკითხთან დაკავშირებით ვმუშაობთ ფედერაციასთან ერთად და იმედი მაქვს, მომავალ წელს, ქართვეწლ სპორტსმენებთან ერთად, რინგზე მეზობელი ქვეყების ჭაბუკ მოკრივეებსაც ვიხილავთ“.
როგორც კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნული ტურნირი ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია, მომავალ წელს ამ ასაკობრივ ჯგუფში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის.
გიორგი კარელიძის სახელობის ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოსა და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო. შეჯიბრებაში 100-მდე ახალგარზრდა ჩაერთო, როგორც ცნობილია, ტურნირში 2006-2007 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს შესაბამისი თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.