საზოგადოება
06.12.2021 09:58
ბოლო პერიოდში რეგიონში გაიზარდა კოვიდსაწინააღმდეგო აცრების ინტენსივობა - სიმონ გულედანი

შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს მობილური ჯგუფის მიერ მოსახლეობის ვაქცინაცია ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ჩატარდა.

იმუნიზაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო.

ვაქცინაციის მსურველებს აცრა სამი სახის - ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინით ადგილზე რეგისტრაციით შეუძლიათ. როგორც რწმუნებულის მოადგილემ აღნიშნა, იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს რეგიონში და აცრის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

,,შიდა ქართლში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაცია. ამჯერად ვიმყოფებოდით ზეღდულეთის თემში, სოფელ ბერშუეთში, სადაც მიმდინარეობს აცრები სამი ვაქცინით - ფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით. მობილური ჯგუფების მიერ რეგიონის სხვადასხვა სოფელში აქტიურად მიმდინარეობს აცრების ჩატარება, ბოლო პერიოდში გაიზარდა ინტენსივობა. მოგეხსენებათ, უკვე ამოქმედდა ქვეყანაში მწვანე ბარათის სისტემა და მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო ვაქცინაციისკენ, რომ დროულად დავამარცხოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.

კვირის ამბები