საზოგადოება
04.12.2019 12:02
რამდენმა პედაგოგმა მიიღო სისტემიდან გასვლის გადაწყვეტილება მეორე ეტაპზე?

„პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების“ პროექტის მეორე ეტაპზე, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან, სახელმწიფო შეთავაზებით სარგებლობის სურვილი 38-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული 38-ის გარდა, 40-მდე პედაგოგი პროფესიული უნარების გამოცდის შედეგებს ელოდება და გადაწყვეტილებასაც, ალბათ, ამის შემდეგ მიიღებს. „პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი ნომებრიდან დაიწყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, პედაგოგებიც ასე ფიქრობენ. იმ სკოლებში, საიდანაც პედაგოგები წავიდნენ, თუ უფროსის ან წამყვანის სტატუსის მქონე მცირესაათიანი პედაგოგია, ჯერ მას შეევსება განაკვეთი შიდა ვაკანსიით, თუ არადა, თავისუფალ საათებზე სკოლები ღია კონკურსს გამოაცხადებენ“, - ამბობს GMwes-თან საუბრისას ნანა ტერმაკოზაშვილი.

პირველ ჯერზე, გორის მუნიციპალიტეტში საპენსიო ასაკის 215-მა პედაგოგმა გამოთქვა სკოლიდან წასვლის სურვილი და სახელმწიფო ჯილდოც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პენსიონერი პედაგოგების სისტემიდან გასვლის ინიციატივა, რამდენიმე თვის წინ, განათლების ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააჟღერა. მან საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, სკოლიდან გასვლის სანაცვლოდ ორი წლის ჯამური ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის შენარჩუნება შესთავაზა.

კვირის ამბები