გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის ნაწილი 2008 წელს გაყიდული საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნების მოთხოვნით დილიდან აქციას მართავს.
ამ მოთხოვნით ზეღდულეთელებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამე აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები დღეს დილიდან ცდილობენ პროტესტის ნიშნად თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას. ამის საშუალება სოფელში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მათ არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაპირისპირებისას პოლიციამ ერთი ადამიანი ტერიტორიიდან განარიდა.
მოგვიანებით ზეღდულეთელებმა გორი-ბერშუეთის საავტომობილო გზის ზეღდულეთის მონაკვეთი გადაკეტეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ადგილზე დღესაც შეხვდნენ. ზეღდულეთში იმყოფებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
გორის საკრებულოში ზეღდულეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ბერიანიძის ინფორმაციით, ხელისუფლება ცდილობს სამართლებრივი გზების მოძებნას, რომ არ მოხდეს მიწის ამჟამინდელი მფლობელის, რომელიც კეთილსინდისიერი შემძენია, უფლებების დარღვევა და ასევე გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესებიც.
მოგვიანებით, გორი-ბერშუეთის საავტომობილო გზის ზეღდულეთის მონაკვეთიდან აქციის მონაწილეებმა სოფლის მინდვრებისკენ გადაინაცვლეს, საიდანაც შემოვლითი გზით ცდილობენ ავტობანზე ასვლას და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას.
აღნიშნული შემოვლითი გზის პერიმეტრზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
სოფლის კუთვნილი 75 ჰა. საძოვარი ფართობები 2008 წელს გაიყიდა საქართველოს მოქალაქეზე, რომელმაც მალევე მიწის ფართობი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაასხვისა, აღნიშნული სავარგულები ახლახანს კიდევ ერთხელ გაიყიდა.