ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს.
დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე დავით რაზმაძე აირჩიეს. ცნობისთვის, დავით რაზმაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე მესამე ვადით იქნა არჩეული.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საკრებულოს თავმჯდომარის გამოსავლენ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა.
„ძალიან გული დამწყდა ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რადგანაც პოლიტიკური ხედვის მიუხედავად, ფაქტობრივად ყველა ჩემი მეგობარია, თუმცა, ეს მათი გადაწყვეტილებაა და ამას პატივს ვცემ.
რაც შეეხება ჩემი კანდიდატურის მიმართ მესამედ ნდობის გამოცხადებას, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენი მოსახლეობის ის გეგმები და ის მოთხოვნები, რაც არსებობს, იყოს მაქსიმალურად მოგვარებული. მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე ნამუშევარი გვაქვს კონკრეტულ მიმართულებებზე, განსაკუთრებით სამუშაო ადგილების შექმნას უნდა შევუწყოთ ხელი, რათა იყოს რაც შეიძლება მეტი დასაქმებული ადამიანი ჩვენს მუნიციპალიტეტში და რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი მოქალაქე.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის ახალგაზრდობის ადგილზე დამაგრება, ამისთვის საჭიროა შევქმნათ ის პირობები და ის ინფრასტრუქტურა, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, ადგიულზე მოახდინონ თავიანთი გეგმების და შესაძლებლობების რეალიზება“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.