საზოგადოება
03.12.2021 14:33
გორში „მუნიციპალური ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართება

 

გორში „მუნიციპალური ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართება. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, მსგავსი სახის ღონისძიებას გორი პირველად უმასპინძლებს.

პროექტი მერიის ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ ინიციატივით განხორციელდება და მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების ინფორმირებას, მათ სამოქალაქო აქტივიზმსა და ჩართულობას სოციალურ პროექტებსა თუ პროგრამებში.

პროექტში მონაწილეობას მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 - 29 წლამდე ასაკის 75 ახალგაზრდა. ახალგაზრდები ფორუმის ფარგლებში მიიღებენ ინფორმაციას ევროკავშირის გაცვლით პროგრამებზე, ეროვნულ დონეზე განსახორციელებელ ახალგაზრდულ პროგრამებსა და სხვადასხვა შესაძლებლობებზე. ასევე, შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ გორის მუნიციპალიტეტში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციების მუშაობის პრინციპს და მათ მიერ სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებს, არასამთავრობო სექტორისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გამართონ პანელური დისკუსიები, იმუშაონ სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე და დაგეგმონ 5 პროექტი.

ფორუმს 21 და 22 დეკემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი უმასპინძლებს. კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, პროექტის განხორციელებისას დაცული იქნება ყველა რეგულაცია, ფორუმი გაიმართება ჰიბრიდულად, ხოლო მონაწილეები დაიშვებიან კოვიდტესტზე უარყოფითი პასუხების საფუძველზე.

პროექტისთვის ახალგაზრდების შერჩევა მოხდება სპეციალურად ფორუმისთვის შექმნილი აპლიკაციის საშუალებით, სადაც რეგისტრაციის ბოლო დღედ განსაზღვრულია 8 დეკემბერი.

კვირის ამბები