გორის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 17 დეკემბერს აინთება, იგეგმება თუ არა სადღესასწაულო ღონისძიებები
გორის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და განათებების მონტაჟი უკვე დაიწყო. GMnews-ის ინფორმაციით, ქალაქის მთავარ მოედანზე ნაძვის ხის ანთება 17 დეკემბერს იგეგმება.
გაიმართება თუ არა საახალწლოდ ტრადიციული ღონისძიებები და რას შესთავაზებს გორის მერია საზოგადოებას - ამ საკითხების გასარკვევად GMnews-ი გორის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს, რამაზ შიოშვილს დაუკავშირდა.
შიოშვილის თქმით, საახალწლოდ ქალაქის მორთვა უკვე დაწყებულია და გასული წლებისგან განსხვავებით, წელს უფრო მრავალფეროვანი ილუმინაციები დამონტაჟდება. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია, ქალაქის ქუჩებში აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, რამდენიმე დღეში, ნაძვის ხის აწყობა-მორთვასაც დავიწყებთ, 17 დეკემბერს კი - სიმბოლურად ავანთებთ. რაც შეეხება უშუალოდ გასართობ ღონისძიებებს, გეტყვით, რომ ამ ეტაპზე, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, როგორ დაიგეგმება 31 დეკემბრის ღამის ღონისძიება. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, გასული წლის მსგავსად, არც წელს გაიმართოს მასშტაბური ღონისძიებები“, - აღნიშნა რამაზ შიოშვილმა.