საზოგადოება
02.12.2021 13:26
გორის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას ხვალ გამართავს

გორის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას ხვალ გამართავს. უკვე ცნობილია სესიის ჩატარების დროც - 12:00 საათი.

ხვალინდელი სხდომა პროცედურულად დატვირთული იქნება. კანონმდებლობის თანახმად, სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი წარუძღვება, ასევე, ხვალ მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატების დასახელება და ფარული კენჭისყრით არჩევაც.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 წევრისგან დაკომპლექტდა. რაც შეეხება მანდატების გადანაწილებას, ახლადარჩეულ საკრებულოში პროპორციული სიით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 13 წევრი შევა; 8 წარმომადგენელი ეყოლება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 3 წევრით იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს, 12 მაჟორიტარულ ოლქში 11 მანდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა მოიპოვა, 1 ოლქში კი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

საბოლოოდ, გორის მუნიციპალიტეტის 36 წევრიან საკრებულოში 24 წევრი იქნება „ქართული ოცნებიდან“, 9 - „ენმ“-დან და 3 წევრი პარტიიდან „გახარია - საქართველოსთვის“.

კვირის ამბები