ვფიქრობ, საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა, რომ ყველა კოვიდგადატანილს თანაბრად აძლევს „მწვანე ბარათს“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ დღეიდან ე.წ „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ეპიდვითარებაში გარდამტეხ ცვლილებას შეიტანს.
„რომ გითხრათ, ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, ეს ასე არ არის. აღსრულების მექანიზმი ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის არასაკმარისია, ისევე, როგორც არასაკმარისი იყო პირბადის ტარებაზე. ამიტომ, არ მგონია, ამან ძალიან სერიოზული გარდატეხა შეიტანოს, მაგრამ ერთი ფაქტორი მაინც იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი შემთხვევების ზრდის შემცირებას და იქნება დამატებითი, ერთ-ერთი სტიმული იმისთვის, რომ მოსახლეობის უფრო მეტმა ნაწილმა ჩაიტაროს აცრა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ყველა კოვიდგადატანილს „მწვანე პასპორტი“ ეძლევა, ვფიქრობ, ეს საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა, რადგან კოვიდის გადატანიდან იმუნიტეტი 6 თვე გრძელდება. მათ, ვითაც კოვიდი ბოლო 6 თვეში აქვს გადატანილი, მათ უნდა მიეცეთ „მწვანე პასპორტი“, ასეა სხვა ქვეყნებში. საქართველოს ექნება ორი კოვიდპასპორტი, ერთი უცხოელებისთვის, სადაც ბოლო 6 თვის კოვიდი ჩაითვლება და მეორე, შიდა მოხმარებისთვის, სადაც ყველა კოვიდგადატანილი ჩაითვლება, ეს სწორი არ არის და იმედი მაქვს, ამას გამოასწორებენ“, - განაცხადა ცერცვაძემ.