საქართველოში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 6-დან 3 თვემდე შემცირდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭოზე იმსჯელებენ.
„ჩვენთვის ცნობილია ბრიტანეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილება „ბუსტერის“ ვადის 3 თვემდე შემცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე უკვე გვაქვს შიდა კონსულტაციები. განსაკუთრებით ეს ახალ შტამს „ომიკრონს“ უკავშირდება, რომელიც სამხრეთ აფრიკის გარდა ევროპაშიც ცირკულირებს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შტამი ყველგან დაფიქსირდეს.
ალბათ, იმუნიზაციის საბჭოზე „ბუსტერის“ პერიოდის შემცირებაზე იქნება მსჯელობა. აღნიშნულზე იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტმა უნდა იმსჯელოს“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ადმინისტრირებულ ყველა ვაქცინაზე „ბუსტერი“ მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ კეთდება. თუმცა, არის გამონაკლისიც, კერძოდ, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილი 50 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის „ბუსტერ“ დოზების გაკეთება მეორე აცრიდან 3 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.