ახალ შტამს - „ომიკრონს“ სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს, ახალი შტამის ამოცნობა სპეციალური „პისიარით“ ხდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო უახლოეს დღეებში მიიღებს სპეციფიურ „პისიარ“ ტესტებს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ.
,,სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს - „ომიკრონს“, ,,ომიკრონზე“ ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი „პისიარ“ მეთოდით, რომელიც ქვეყანაში ამჟამადაც გამოიყენება და სამ გენზე მუშაობს. ჩვენთან უკვე შემუშავდა პროტოკოლი, თუ როგორ შეიძლება ეჭვის მიტანა „ომიკრონზე“. აღნიშნული გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, ასევე ყველა ლაბორატორიას, ვინც აწარმოებს „პისიარ“ დიაგნოსტიკას.
ახალი შტამის, „ომიკრონის“ ამოცნობა სპეციალური „პისიარით“ ხდება. ხვალ, ან ზეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ ლუგარის თანამშრომლებს კონსულტაცია. უკვე არის გარკვეული სპეციფიური „პისიარი“, რომელიც ჩვენ გვაქვს „დელტა“ და „ალფა“ შტამზე და მის იდენტიფიცირებას ვახდენთ.
სპეციფიური „პისიარი“, დიდი ალბათობით ამბობს, რომ საქმე გვაქვს „ომიკრონის“ შტამთან, თუმცა, საბოლოოდ, მისი იდენტიფიცირება ხდება ვირუსის გენომის სეკვენირებით, დაშლით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.