შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს ესტუმრნენ.
,,დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე მივულოცეთ ცენტრის აღსაზრდელებს, მაგრამ ჩვენი ყურადღება მათ მიმართ მხოლოდ დღევანდელი დღით არ შემოიფარგლება. გორის მერია არაერთ პროექტს ახორციელებს იმისთვის, რომ შშმ პირებს ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ, შეეძლოთ ადაპტირებული გარემოთი სარგებლობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
გორის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულებით შშმ პირთა ადაპტირების არაერთ ღონისძიებას აფინანსებს, კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის ყველა პროექტი ითვალისწინებს პანდუსების მშენებლობას.
შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება თანადაფინანსების პროგრამები, რომელთა საშუალებით გორის მერიამ მიმდინარე წელს 4 პროექტი განახორციელა. რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 000 ლარი გაიხარჯა. თანხა 25 შშმ ბავშვისა და 20 შშმ ვეტერანის რეაბილიტაციასა დ ა სამკურნალო კურორტზე დასვენებას, ასევე, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციართა კვებასა და სწავლას მოხმარდა.
შშმ პირების დახმარებას ითვალისწინებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების მუნიციპალური პროგრამაც, რომელიც ცერებრალური დამბლით დაავადებულ, აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე პირებს მკურნალობის ხარჯების დაფარვას და ფულად დახმარებას სთავაზობს. ფულადი დახმარებებია გათვალისწინებული, ასევე, მხედველობადაქვეითებული და სმენადაქვეითებული შშმ პირებისთვისაც.