ახალი რეგულაციის თანახმად, ,,მწვანე ბარათის“ სისტემა საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა.
,,მწვანე ბარათის“ გარეშე მოქალაქეები ვერ შეძლებენ შესვლას შემდეგ ობიექტებზე: სასტუმროებში და განთავსების სხვა ობიექტებში - კვების ობიექტები: რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები (მათ შორის, სავაჭრო ცენტრებში არსებულ კაფე-ბარებსა და რესტორნებში), კინოთეატრებში, თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში, ოპერაში, გასართობ ობიექტებზე (სამორინეები და სათამაშიო დარბაზები), სპა ცენტრებსა და ფიტნეს დარბაზებში, ასევე, ,,მწვანე ბარათის“ არმქონე პირებისთვის დაშვებული არ არის სამთო კურორტების საბაგიროებზე შესვლა.
რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებს, აღნიშნულ ობიექტებზე შესვლა „მწვანე პასპორტის“ გარეშეც შეიძლება, თუმცა, მოლებში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლისთვის „მწვანე ბარათის“ წარდგენა აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე ასაკის პირთათვის.
„მწვანე“ სტატუსის მქონე პირია: სრულად ვაქცინირებული; 72- საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე; 24-საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე; კოვიდ გადატანილი.
,,მწვანე“ სტატუსის მონიტორინგისთვის მოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ორი სპეციალური აპლიკაცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health.
CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს. აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრებისას.
Georgia e-Health გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.
ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10 000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის - 2 000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში მოხდება ობიექტის დალუქვა.