ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამად არსებული ვაქცინები ისეთივე ეფექტური იქნება კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ, როგორც „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ იყო, - ამის შესახებ კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ომიკრონის“ სპაიკ-ცილებში მუტაციების დიდი რაოდენობა და სამხრეთ აფრიკაში ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელება იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ მომავალ წელს ამჟამად არსებული ვაქცინების ცვლილება გახდება საჭირო.
„ვფიქრობ, ეფექტურობა იგივე დონეზე არ იქნება, როგორც „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში. ვფიქრობ, არსებითი ვარდნა გვექნება. უბრალოდ, არ ვიცი, რა დონის ვარდნა იქნება, რადგან მონაცემებს უნდა დაველოდოთ, თუმცა ყველა მეცნიერი, ვისაც ვესაუბრე, ამბობს, რომ ეს კარგი არ იქნება“, - აღნიშნა სტეფან ბანსელმა.
BioNTech-მა, Moderna-მ და Johnson & Johnson-მა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებულ ვაქცინებზე მუშაობა უკვე დაიწყეს იმ შემთხვევისთვის, თუ არსებული ვაქცინები ახალი კორონავირუსის ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური არ იქნება.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინის მოდერნიზაციაზე მუშაობს „ფაიზერიც“. კომპანიის ხელმძღვანელობამ ისიც განაცხადა, რომ 100 დღეში მზად ექნებათ ახალი ვაქცინა, რომელიც იმუშავებს ახალ შტამის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში, კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს და მას „ომიკრონი“ უწოდეს.