კოვიდინფექციის დადასტურების გამო, გორის მუნციპალიტეტის 10 საბავშვო ბაღი დროებით არ ფუნქციონირებს, თვითიზოლაციაშია 2 ჯგუფი, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა.
ლია კოვზიაშვილის თქმით, სასწავლო პროცესი, დღეიდან უკვე განახლდა ერგნეთის საბავშვო ბაღში. ხვალიდან კი, აღსაზრდელებს ხვითის ბაღიც მიიღებს.
რაც შეეხება იმას, თუ როდიდან განაახლებენ სწავლას სხვა დაწესებულებები, სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ზოგიერთ მათგანს თვითიზოლაციის ვადა მომდევნო დღეებში ეწურებათ და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, სწავლის განახლების რეკომენდაცია ეტაპობრივად მიეცემათ.
,,მოგეხსენებთ, უსაფრთხოების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა ზემოაღნიშნული შემთხვევებიც, რაც შეეხება სწავლის განახლებას, საკითხი თითოეული ჯგუფის/სასწავლო დაწესებულების შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილებას ყოველთვის ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე ვიღებთ“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.