03.12.2019 15:40
პირადობის ელექტრონული მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია 2020 წლის 1 ნოემბრამდე გაგრძელდება
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემა 2020 წლის 1 ნოემბრამდე გაგრძელდება. თეა წულუკიანის თქმით, აქცია საარჩევნო სიების სრულყოფის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწისა და მოქალაქეების თანამედროვე, ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.
სურვილის შემთხვევაში, ID ბარათის აღება საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიასთან ერთად იმ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც 18 წელი 2021 წლის 1 იანვრამდე უსრულდებათ.
მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, პირადობის მოწმობის უსასყიდლოდ მიღება შეუძლიათ პირებს, თუ მათ სახელზე 2019 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ ყოფილა გაცემული; მათზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი 2019 წლის 1 ივლისამდეა გაუქმებული ან უქმდება 2020 წლის 1 ნოემბრამდე; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში; რეგისტრაციიდან არიან მოხსნილი, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და აქციის ფარგლებში დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე; მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებული, აქვთ გაუქმებული პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან კონკრეტულ მისამართზე; რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე.
თანამედროვე და გაუყალბებელი ევროპული დოკუმენტის მისაღებად, მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს უნდა მიმართონ. აქციით მოსარგებლე პირები თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.