საზოგადოება
29.11.2021 10:06
გორის ჰოსპიტალი პენიტენციური სამსახურის ავტომობილებმა დატოვეს, უცნობია იმყოფებოდა თუ არა ავტომობილში მიხეილ სააკაშვილი
გორის სამხედრო ჰოსპიტალი ცოტა ხნის წინ პენიტენციური სამსახურის რამდენიმე მანქანამ დატოვა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მოხდა თუ არა ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დღეს, 29 ნოემბერს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 11 საათზე ჩატარდება. ყოფილი პრეზიდენტის ექიმის და ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი აქვს. შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კვირის ამბები