სამართალი
29.11.2021 08:56
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მოხდება თუ არა ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან სასამართლოში

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დღეს, 29 ნოემბერს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 11:00 საათზე ჩატარდება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მოხდება თუ არა ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან სასამართლოში.

ყოფილი პრეზიდენტის ექიმის და ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწყების სურვილი აქვს.

სასამართლო სხდომის პარალელურად, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, საქმის განმხილველი მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი, ლიანა ორკოდაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოში მიყვანის გარეშე სხდომას არ ჩაატარებს.

სახელმწიფო ბრალდება სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კვირის ამბები