სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, ისრაელმა საკუთარი მოქალაქეებისთვის სამხრეთ აფრიკის რეგიონის შვიდ ქვეყანაში გამგზავრება, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის კი, ამ ქვეყნებიდან ისრაელში შესვლა აკრძალა.
„წითელი სიის“ ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს კოვიდსასტუმროში ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
დღეიდან, დროებით კრძალავს ფრენებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან დიდი ბრიტანეთიც. ნამიბიიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ლესოთოდან და ესვატინიდან ბრიტანეთში დაბრუნებულ მგზავრებს კარანტინის გავლა მოუწევთ.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ ახალ, B.1.1.529 ვარიანტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ არსებული ვაქცინები ახალი შტამის მიმართ, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს.
ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ჩეხეთშიც. მთავრობის განკარგულებით, ბარები და რესტორნები 22:00 საათზე დაიხურება, აიკრძალება საშობაო ბაზრობები. ამასთან, მასობრივ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება მაქსიმუმ 1 000 სტუმარს შეეძლება.
მთავრობის წევრების თქმით, შეზღუდვების ამოქმედებიდან 10 დღეში ეპიდვითარების შეფასება მოხდება.
ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეანიმაციულ განყოფილებებში მოთავსებული კოვიდპაციენტების 70 პროცენტი აუცრელია. ჩეხეთში ვაქცინირებულია მოქალაქეების მხოლოდ 58 %. გუშინ, ქვეყანაში, დაინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი, 25 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.