ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა საკმაოდ მძიმეა. თუმცა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე დაკვირვების შედეგად ჩანს, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი - RT ერთზე დაბალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სიკვდილიანობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია აცრა.
„სტატისტიკა, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმეა. თუმცა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი - RT ერთზე დაბალია, კონკრეტულად დღეს - 0,91 არის, რაც დამაიმედებელია. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ნიშნული შენარჩუნდეს და კიდევ უფრო დაწეული იყოს იმისათვის, რომ ჰოსპიტალური სექტორი გაუმკლავდეს მოცემულ რიცხვებს. რაც შეეხება სიკვდილიანობას, სიკვდილიანობას ამცირებს ვაქცინაცია და მნიშვნელოვანია, რომ 60 წელს ზევით მოქალაქეები მაქსიმალურად აცრილები იყვნენ და ეს მაქსიმალური რიცხვი ჩემთვის პირადად არის 90%“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.