საზოგადოება
03.12.2019 14:43
საარჩევნო პერიოდში დაქირავებული პირები შესაძლოა, საპენსიო შენატანისგან გათავისუფლდნენ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, შესაძლოა, საარჩევნო პერიოდში დაქირავებული პირები, შესაბამისი ანაზღაურების მიღებისას, საპენსიო შენატანისგან გათავისუფლდნენ. მომზადებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო პერიოდში დაქირავებული ცესკო-ს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატების, ასევე, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების ანაზღაურება საპენსიო შენატანების გადახდას არ დაექვემდებარება.
ცესკოს განმარტებით, ბოლო არჩევნების დროს, საქართველოს მასშტაბით კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რაოდენობა 71 687 ფიზიკური პირი იყო, მათთვის გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ, ჯამში, 7 238 050 ლარი შეადგინა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა კი, 44 400 ფიზიკური პირი იყო და მათ სახელფასო ანაზღაურებაზე, ჯამში 12 000 000 ლარი გაიხარჯა.
კანონპროექტის ავტორი ცენტრალური საარჩევნო კომისიაა, ინიციატივა კი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ეკუთვნის.
კვირის ამბები