გარკვეული შეთანხმების შედეგად, სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის ის წარმომადგენლები, რომლებიც 10 წლის წინ გასხვისებული საძოვარი ფართობების დაბრუნების მოთხოვნით, ავტობანის გადაკეტვას გეგმავდნენ, დაიშალნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამაზ შიოშვილის განცხადებით, მიწის მესაკუთრე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს სადაო ფართობებზე დაახლოებით 10 დღის - ორი კვირის ვადით შეაჩერებს და აღნიშნული დრო მოხმარდება გამოსავლის მოძებნას.
„ამ მიწების გასხვისების პროცესი ჯერ კიდევ 2008-ში დაიწყო. 2011 წელს კი, საბოლოოდ გაიყიდა. მაშინდელმა მყიდველმა, შემდეგ უცხოელ ინვესტორზე გაასხვისა, ახლა კი, კიდევ მოხდა გაყიდვა და უკვე მესამე მფლობელის ხელშია. სოფელს ამ ფართობების გარდა, სხვა საძოვარი ნაკვეთები არ გააჩნია, შესაბამისად, რაც არ უნდა მოხდეს, ამ 75 ჰა-ს არ დავთმობთ“, - აცხადებენ ზეღდულეთელები.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამაზ შიოშვილის განცხადებით, გამოსავალი უნდა მოიძებნოს კანონის ფარგლებში და ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდება მიწის ახალი მესაკუთრისთვის აღნიშნული სავარგულის წართმევა.
„შევძელით შეთანხმება, რომ ავტომაგისტრალის გადაკეტვა არ მოხდება. აქ შეკრებილი მოსახლეობა დაიშლება და პარალელურად, დაახლოებით 10 დღის-ორი კვირის ვადით შეჩერდება ხვნის პროცესი სადაო მიწის ნაკვეთში. ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რათა გამოიძებნოს ამ პრობლემის მოგვარების კანონიერი გზები. რაც შეეხება სოფლის მოსახლეობის მხრიდან აქ გაკეთებულ განცხადებებს, რომ მოხდეს სადაო ფართობის ამჟამინდელი მფლობელისთვის მიწის წართმევა, ეს, ბუნებრივია, დაუშვებელია და არანაირ განხილვას არ ექვემდებარება. პრობლემა უნდა მოგვარდეს კანონის ფარგლებში“, - განაცხადა თამაზ შიოშვილმა.
სოფელ ზეღდულეთში იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერიც. ლადო ხინჩეგაშვილის განცხადებით, უნდა მოძებნოს ისეთი გამოსავალი, რომ არ დაირღვეს მიწის მესაკუთრის უფლება და გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესებიც.
„აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2008 წელს გასხვისდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მიმდინარეობს მედიაციის პროცესი მიწის ამჟამინდელ მფლობელთან, რომელიც გახლავთ კეთილსინდისიერი შემძენი და უნდა გამოიძებნოს ისეთი გამოსავალი, რომ არ დაირღვეს მიწის მფლობელის კანონიერი უფლება და ამავდროულად, გათვალისწინებული იყოს სოფლის მოსახლეობის ინტერესებიც“, - განაცხადა ლადო ხინჩეგაშვილმა.