ხელთუბნის, რენეს და ახალსოფლის საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება
შიდა ქართლის რეგიონში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ხელთუბნის, ქარელის მუნიციპალიტეტში - ახალსოფლის, კასპის მუნიციპალიტეტში კი, რენეს საბავშვო ბაღს უტარდება.
ზემოხსენებულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი გაეცნო. რაც შეეხება კონკრეტულად შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალს, უნდა აღინიშნოს, რომ ხელთუბნის ბაღი სრულად განახლდა, შეიცვალა სახურავი და კარ-ფანჯრები, გამოიცვალა კომუნიკაციები, ასევე, იგეგმება ეზოს მოწყობა. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელის საბავშვო ბაღში კი, უკვე შეცვლილია კარ-ფანჯარა, გადახურვა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის შიდა მოსაპირკეთებელი, ეზოს შემოღობვისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები. საბავშვო ბაღი აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შშმ პირებისთვის განკუთვნილი ამწე მოწყობილობით.
უკვე დასრულდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეს საბავშვო ბაღის შენობის ორივე სართულის განახლებაც. ამჟამად კი, მიმდინარეობს სავალი გზის ფილების, შიდა და გარე ფასადის ლესვითი და სანტექნიკის მოწყობის სამუშაოები. როგორც ცნობილია, სოფელში 30 წელია რაც საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს და აღსაზრდელებს მეზობელ სოფლებში უწევთ სიარული.
სამივე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.