ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაშლის მოსავლის დროული დაბინავება, - ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, აბელ აბესაძემ სოფელ ტყვიავში, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესის გაცნობისას განაცხადა.
აბელ აბესაძე სოფელ ტყვიავში ადგილობრივ ფერმერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილესთან, გიორგი ხანიშვილთან ერთად შეხვდა და არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს კომპანიაში „ნატურალ 7“ გაეცნო.
„აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლი ვაშლის წარმოების მხრივ პირველ ადგილზეა. ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაშლის მოსავლის დროული დაბინავება. სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობა ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, აბელ აბესაძემ.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, არასტანდარტული ვაშლისგან მიღებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე იყიდება და ჩვენი ქვეყანა 4-დან 5 მილიონამდე ევროს შემოსავალს იღებს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში არსებული ხილის გადამმუშავებელი საწარმოები არასტანდარტული ვაშლის მიღებას შეუფერხებლად განაგრძობენ. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 12 კომპანიის მიერ ჯამში გადამუშავებული ვაშლის რაოდენობამ 31 000 ტონაზე მეტი შეადგინა.
როგორც ცნობილია, ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 15 დეკემბრამდე შეძლებენ. პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია.