გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულებას მისი ადვოკატები და ექიმები გეგმავენ.
ცოტა ხნის წინ კი, ჰოსპიტალთან მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია და მეუღლე, ლიზა იასკოც გამოჩნდნენ. შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, ალასანია და იასკო სააკაშვილის მონახულებას გეგმავენ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილ სახელმწიფო კონსილიუმს, აღნიშნული კონსილიუმის წევრები, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადმოიყვანეს, ყოველდღიურად იმყოფებიან ჰოსპიტალში, სადაც ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ინტენსიური მონიტორინგი, მკურნალობის და შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შედგენა და ამ პროცესის მართვა.
კონსილიუმის წევრი ექიმების ინფორმაციით, ყველაზე რთულად მიიჩნეოდა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი ორი დღე, თუმცა, აღნიშნულმა პერიოდმა გართულებების გარეშე, სტაბილურად ჩაიარა. კონსილიუმის წევრების განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ასევე დარეგულირებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც. სააკაშვილი თავს ნორმალურად გრძნობს, ექიმების მიმართ გამოთქვამს მადლიერებას და ასრულებს მათ ყველა მითითებას.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში საჭირო გახდეს ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩართვა.