საზოგადოება
22.11.2021 11:44
სოციალური დახმარების ნაცვლად, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ. ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია ათასობით და ათიათასობით შევქმნათ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მთავრობა უკვე მუშაობს და კონკრეტულ გეგმას მოკლე დროში წარადგენს.

„დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს. მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია. დღეს, ისინი, არსებული სოციალური პოლიტიკის გამო, არ არიან მოტივირებულნი სამუშაოს დასაწყებად. უამრავი მაგალითი ვიცით, თუ ადამიანი ტელევიზორს ან მაცივარს შეიძენს, ქულები აკლდება და სოციალური დახმარება უწყდება. ისინი არ არიან მოტივირებულნი სეზონურ სამუშაოზე დასასაქმებლად და დამატებითი შემოსავლის მისაღებად. ეს არის კატასტროფა. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომ, მინიმუმ, ის დახმარება, რომელიც მათ დღეს ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმინობისთვის და, ამას გარდა, შეძლონ დამატებით ახალი სამუშაო ადგილების მოძიება. მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, პარალელურად იშოვონ 2-3 სამუშაო და მეტი დამატებითი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში - იყიდონ ტეევიზორიც, მაცივარიც, სახლიც და გაარემონტონ საცხოვრებელი... ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. დიდი სურვილი მაქვს, რომ იანვრიდან დავიწყოთ ეს ახალი პროგრამა. ვფიქრობ, ეს მთლიანად შეცვლის რეალობას და შრომის ახალ კულტურას ჩამოვაყალიბებთ, შრომისუნარიან მოსახლეობას გავუჩენთ განცდას, მოტივაციას, პერსპექტივას. შრომას უნდა მივაჩვიოთ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, დღეს ყველას სურს სამუშაო ადგილების შოვნა, მაგრამ თუ სახელმწიფო არ უქმნის პირობებს, ეს მათთვის დამაბრკოლებელი და ბარიერია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ პროგრამაში პროფესიული სასწავლებლების ჩართვაც იგეგმება და სოციალურად დაუცველი ადამიანები შეძლებენ გადამზადებას.

კვირის ამბები