სურსათის ეროვნული სააგენტო ჯილეხის საწინაღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს, უწყება ფერმერებს ვეტერინარებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ჯილეხის საწინაღმდეგო ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. დაავადების ამთვისებელ ცხოველებს, ინფექციის დაფიქსირების კერებაში იძულებითი, ხოლო რისკის ზონებში პროფილაქტიკური ვაქცინაცია უტარდებათ. უწყება ფერმერებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ ვეტერინარებთან და ვეტერინარული მანიპულაციების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებას ხელი შეუწყონ.
„მოგეხსენებათ, ჯილეხი (ციმბირის წყლული) საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლითაც შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ექიმთან დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში შედეგი ფატალურია. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. საქართველოში რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ნიადაგობრივი კერა. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა, მკვდარი ცხოველის გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ. აქედან გამომდინარე, დაავადების შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი უწყებების ინფორმირება უმნიშვნელოვანესია. ამ მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი თანამშრომლობით დაიხვეწა „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი“, რომლის მიხედვითაც, ფერმერები, რომელთა პირუტყვის დაცემა ჯილეხით იქნება გამოწვეული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახელმწიფოსგან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ“, - აცხადებენ სააგენტოში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინარები ყოველწლიურად 1 200 000-მდე ცხოველს ცრიან. მიმდინარე წელს, უკვე ვაქცინირებულია 847 000-ზე მეტი ცხოველი. სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად იკლო ცხოველებში ჯილეხის გამოვლენის ფაქტებმა. 2013 წელთან შედარებით, დაავადების შემთხვევები 90%-ით არის შემცირებული.