აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას დეტალურად ვფლობ, ვფიქრობ, ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება არის სამართლებრივი ფორმატით დავა, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფელ ზეღდულეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.
ხინჩეგაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ერთადერთი მართებული გზა სამართლებრივი დავაა.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას დეტალურად ვფლობ, სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობას ამ საკითხზე სასაუბროდ რამდენიმე დღის წინაც შევხვდი და შეხვედრა გვქონდა დღეს დილითაც. ვფიქრობ, ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება არის სამართლებრივი ფორმატით დავა. უახლოეს დღეებში მოსახლეობა მიმართავს განცხადებით სასამართლოს და დარწმუნებული ვარ, მათი ინტერესები მაქსიმალურად ობიექტურად იქნება დაცული. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანად“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან, სოფელ ზეღდულეთში, ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი წლების წინ გასხვისებული საძოვარი ფართობების დამუშავების უფლებას მის ამჟამინდელ მფლობელს არ აძლევს.
სოფლის მოსახლეობამ იმ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეჩერება სცადა, რომლითაც მიწის მოხვნა მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მოსახლეობა შეაჩერეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 75 ჰა. ფართობის გასხვისების შედეგად, სოფელი საძოვრების გარეშე დარჩა და მოსახლეობა იძულებულია, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაყიდოს.
შეკრებილებს „ერთიანი ნაციონლური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ. ენმ-ს წევრი ბექა ქორჩილავა პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს სოფლის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოსაგვარებლად.
შავშვებისა და ზეღდულეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ბერიანიძის ინფორმციით კი, სოფლის კუთვნილი აღნიშნული საძოვრების გასხვისების პროცესი 2008 წელს დაიწყო და 2011 წელს, იმჟამინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ორ პირზე სიმბოლურ ფასად გასხვისდა, შემდგომ მათ უცხოეთის მოქალაქეებზე გაყიდეს, ახლახანს კი საძოვარ ფართობებს ახალი მფლობელი გამოუჩნდა. აღნიშნულ ფართობებთან დაკავშირებით სოფლის მოსახლეობა წლებია დაობს.
ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია, მიღებული გადაწყვეტილებით, სადაო მიწის ფართობებზე ხვნის პროცესი 5 დღის განმავლობაში შეჩერდება. ამ პერიოდში სოფლის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას დავის სამართლებრივ ფორმატში დაწყებასთან დაკავშირებით.