საზოგადოება
20.11.2021 20:28
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, რამდენიმე დღის წინ  ესსეების კონკურსი გამოაცხადა. აქტივობა მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც სამი გამარჯვებული შეირჩა.

როგორც ცნობილია, კონკურსში მონაწილეობა მიიღო გორის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურის 112-მა მოსწავლემ.

„პირველი ადგილი სკოლა „ეისის“ მოსწავლემ სალომე ლომიძემ დაიკავა. გამარჯვებულებს გორის მერიის მხრიდან „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადაეცათ. ასევე თავისი ფავორიტები დააჯილდოვა „მეცნიერებათა სკოლისა“ და კოლეჯ „ამაგის“ დამფუძნებელმა“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე გეტყვით, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საუკეთესო 11 ესსეს მერია კრებულის სახით დაბეჭდავს.

კვირის ამბები