საზოგადოება
20.11.2021 17:40
სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, სასურველია, დეკემბრის 15-მდე ყველა მოქალაქე აიცრას.

„პირველ რიგში, ვაქცინა გამოიყენება რისკჯგუფებზე. ესენი არიან: ხანდაზმული ადამიანები, დიალიზზე მყოფები, შიდსით ინფიცირებულები, ჰეპატიტიანები, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და ა.შ. ახლა უფრო და უფრო ვაფართოებთ და სავარაუდოდ, ხვალ იქნება  ბრძანება ყველა მოქალაქის უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გუშინდელი მონაცემებით აცრილია 90 ათასი ადამიანი. 100-110 ათასი დოზა კიდევ არის. სახელმწიფო ვაქცინა უფასოა.

სავარაუდოდ, ხვალ გამოცხადდება, რომ ყველა აიცრას შეუზღუდავად, არამარტო რისკჯგუფები. სასურველია, დეკემბრის 15-მდე ყველა ავიცრათ. ჯერ არ გამოჩენილა გრიპის ვირუსი ქვეყანაში. იცით, რომ ვაკვირდებით, ყოველკვირეული მონიტორინგი გვაქვს მთელი ქვეყნის მაშტაბით, ე.წ. საყრდენი ბაზებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კვირის ამბები