საზოგადოება
19.11.2021 19:27
ეკატერინე ტიკარაძე - გორის ჰოსპიტალში სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა

მნიშვნელოვანი იყო უზრუნველყოფილი ყოფილიყო უსაფრთხოება, გორის ჰოსპიტალი არის ის ლოკაცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია პაციენტს შევთავაზოთ მაქსიმალური უსაფრთხოება. სწორედ აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა, სადაც ის გააგრძელებს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მკურნალობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება რუსთავის და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებშიც მიეწოდებოდა, თუმცა გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილების მიზეზი, ქვეყანაში „შიმშილის ეპიდემიისა“ და დაპირისპირების დასრულებაა.

„გორის ჰოსპიტალი სრულადაა აღჭურვილი ყველა იმ მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ MRT-ს აპარატი გამოსული არის წყობიდან, არ შეესაბამება სიმართლეს, ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული „აფდეითი“ და პაციენტს მიეწოდება ყველა ის სერვისი, რაც მას დასჭირდება.

პაციენტს მიეწოდებოდა როგორც რუსთავში, ასევე გლდანში ყველა ის სამედიცინო სერვისი, რომელიც მას იმ კონკრეტულ მომენტში ესაჭიროებოდა.

მიხეილ სააკაშვილის გორში გადმოყვანის გადაწყვეტილების მიზეზი გახლავთ ის, რომ მიღებული შიმშილობის ეპიდემია ქვეყანაში უნდა შეწყვეტილიყო, ასევე უნდა შეწყვეტილიყო არსებული დაპირისპირება. ჩვენ გვაქვს ჰუმანური მიდგომა ყველა ადამიანის მიმართ. მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეთავაზებოდა პაციენტს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა.

სააკაშვილი დღესაც არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და სამომავლოდაც მას ეს რისკი არ უდგას. ის არის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ და უტარდება ყველა საჭირო კვლევა. ის იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

კვირის ამბები