03.12.2019 11:53
გორელი დიანა ჯიშიაშვილი, რომელიც ეტლით მოსარგებლეა, პარლამენტში დასაქმდა
გორელი დიანა ჯიშიაშვილი, რომელიც 15 წელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს ატარებს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დაიწყებს მუშაობას. აღნიშნულის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.
GMnews-ი დიანა ჯიშიაშვილს დაუკავშირდა.
„აღნიშნულის შესახებ რამდენიმე დღის წინ მაცნობეს. პარლამენტის თავმჯდომარეს კი გუშინ შევხვდი. არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ საქმისწარმოების განყოფილებაში დავიწყებ მუშაობას და მოქალაქეებთან მექნება ურთიერთობა, შემოსული წერილების ადრესატამდე მიტანაზე ვიქნები პასუხისმგებელი. მინდა გითხრათ, რომ ყველანაირად შევეცდები, დაკისრებულ მოვალეობას გავართვა თავი და მოსახლეობას საკანონმდებლო ხელისუფლებასთან კოორდინაციაში დავეხმარო. ვიმედოვნებ, ჩემი აქტიურობა შშმ სხვა პირებისთვის სტიმულის მიმცემი იქნება“, - აღნიშნა დიანა ჯიშიაშვილმა.
17 წლის ასაკში მიღებული უმძიმესი ტრავმის შედეგად, დიანა ჯიშიაშვილი 15 წელია ეტლით მოსარგებლეა. უკვე შშმ სტატუსის მქონე დიანამ ჩააბარა კოლეჯში, დაკავდა სპორტით და ფარიკაობაში, მსოფლიოს და ევროპის პრიზიორი გახდა. პარასპორტსმენმა ოჯახიც შექმნა და უკვე 4 თვის შვილი ჰყავს, რომელზეც დიანა მეუღლესთან ერთად ზრუნავს.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია, კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.