საზოგადოება
19.11.2021 15:33
მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.

„ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში“, - აღნიშნავს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ორჯერ გავრცელდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ, თუმცა, არცერთ შემთხევაში არ დადასტურდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ამ დროისთვის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. გუშინ, ღამე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. კერძოდ, მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

კვირის ამბები