გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტს 488 000 ლარით ზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცვლილებების პაკეტი განსახილველად უკვე გადაეგზავნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
კანონის თანახმად, საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, 2022 წელს ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარებების დაფინანსება პროგრამის ზოგიერთი მუხლით მოსარგებლეთათვის 50, 100 და ზოგ შემთხვევაში 200 ლარით გაიზრდება.
მერიის მიერ მომზადებული პაკეტის მიხედვით, 200 ლარით გაიზრდება და 300-ის ნაცვლად 500 ლარი გახდება: ონკოლოგიური პაციენტების კვლევის დაფინანსება; ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტების დაფინანსება;
100 ლარით იზრდება: სოციალურად დაუცველების სამედიცინო კვლევების დაფინანსება 300-დან 400 ლარამდე, ხოლო მკურნალობის თანხები - 400-დან 500 ლარამდე; მედიკამენტებით დახმარება პროგრამით გათვალისწინებული დაავადებების ფარგლებში 100-დან 200 ლარამდე; სოციალურად დაუცველი ოჯახების (150 000 ქულამდე) დახმარება მე-3 შვილის შეძენისას 200-დან 300 ლარამდე; ოთხშვილიანი ოჯახების ყოველწლიური დახმარება 400-დან 500 ლარამდე; მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 300-დან 400 ლარამდე;
50 ლარით იზრდება: მიუსაფარი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა 100-იდან 150 ლარამდე; პრობაციონერების დახმარება 250-დან 300 ლარამდე; უსინათლოების დახმარება კატეგორიების მიხედვით 250-დან 300 ლარამდე და 200-დან 250 ლარამდე; სმენადაქვეითებულების დახმარება 200-დან 250 ლარამდე.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება 2 524 100 ლარითაა განსაზღვრული, რაც გასულ წელთან შედარებით 488 000 ლარით მეტია.