ამ ეტაპზე, „გორმედის“ ქსელში არსებული 250 საწოლიდან ყველა დაკავებულია. ახალი პაციენტების მიღება ხდება მხოლოდ გამოჯანმრთელებული და გაწერილი პაციენტების საფუძველზე, - ამის შესახებ „გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.
შრუბის ინფორმაციით, შიდა ქართლში ინფიცირების მაჩვენებლის მატების პარალელურად, იმატა სტაციონარში მიმართვიანობამაც.
„ამ ეტაპზე, „გორმედის“ ქსელში არსებული 250 საწოლიდან ყველა დაკავებულია. ახალი პაციენტების მიღება ხდება მხოლოდ გამოჯანმრთელებული და გაწერილი პაციენტების საფუძველზე. რაც შეეხება მომართვიანობას, იცით, რომ საკმაოდ მაღალია შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი, იმერეთის შემდეგ ვიკავებთ მეორე ადგილს საქართველოს რეგიონებს შორის.
დღეს 422 ახალი ინფიცირებული ჰყავს რეგიონს, რაც საგანგაშოა. ამ მოწოდებებით, ალბათ, უკვე მოვაბეზრეთ საზოგადოებას თავი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის - ყველამ უნდა დაიცვას დისტანცია და ჩაიტაროს ვაქცინაცია.
რაც შეეხება აცრებს, მიმდინარე კვირის განმავლობაში იმატა პირველი აცრის მსურველთა რაოდენობამ. ამასთან, გეტყვით, რომ ჩვენთან დაიწყო ბუსტერ დოზების გაკეთებაც. ამ ეტაპზე, ძირითადად, იცრებიან ჩვენი თანამშრომლები, ვინც აცრის ორივე კურსი ჩაიტარა და ახლა ე.წ. ბუსტერ დოზით იცრებიან“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.