გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირების შვიდდღიანმა მაჩვენებელმა ყოველ 100 000 ადამიანზე 319.5-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების შემდეგ. ინფექციური დაავადებების სააგენტოს ინფორმაციით, ეს რიცხვი რეალურად, შესაძლოა, ორჯერ ან სამჯერ მეტიც კი იყოს.
„ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ. ვინც უარს ამბობს ამის დანახვაზე, დიდ შეცდომას უშვებს," - განაცხადა ვილერმა.
გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებლის, ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაშია და კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება დრამატულია.
ეთული ეპიდსიტუაციის გამო, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გერმანიაში რეგულაციები გამკაცრდა - პირებს, რომლებიც არავაქცინირებული არიან, ან ვირუსი არ გადაუტანიათ, რესტორნებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, გალერეებში შესვლა და კონცერტებზე დასწრება აეკრძალათ. ამ ადგილებში შესასვლელად ვირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საკმარისი აღარ არის. ეს შეზღუდვა ასევე მოქმედებს სილამაზის სალონებში, სპორტდარბაზებში, საცურაო აუზებსა თუ ბოტანიკურ ბაღებში, თუმცა, აღნიშნული რეგულაციები საკმარისი არ აღმოჩნდა.
მაგალითად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 65 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
დამატებითი ზომების მიღებასთან დაკავშირებით, მერკელი დღეს გერმანიის 16-ვე მხარის პრემიერებს შეხვდება.
შეგახსენებთ, გერმანიაში მოსახლეობის საერთო რაოდენობის 68%-ია აცრილი, რაც ევროპის ქვეყნებს შორის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.