უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევის დას, ნაირა გუდაძეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე შეხვდა.
თამაზ შიოშვილმა ბესტაევის ოჯახის წევრებს ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა და პროდუქტებიც ჩაუტანა.
,,მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად მოხდა უკანონო პატიმრობაში მყოფი გენადი ბესტაევის გადმოყვანა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ბესტაევს ჯანმრთელობის პრობლემა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში შეექმნა, ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ მდგომარეობის დასტაბილურებისთვის, თუმცა, ამ ეტაპზე, მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება და მედიკოსებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება. იმედს ვიტოვებთ, რომ იგი გამოჯანმრთელდება, მისი ოჯახის წევრებს კი ყველანაირად დავუდგებით გვერდში მათი აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფაში.
სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება გამყოფ ხაზთან უკანონო დაკავებები და ვიმედოვნებ, რომ სულ მალე, ასეთი ფაქტები აღარ განხორციელდება“, - განაცხადა თამაზ შიოშვილმა.
ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფ გენადი ბესტაევს ინსულტი მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა, მალევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.