საზოგადოება
17.11.2021 16:16
ხელფასების 10%-იანი ზრდა საკმარისი არ არის, თუმცა, მთავრობა აგრძელებს მუშაობას და ერთგვარი გარანტიების შემუშავება იგეგმება - ფინანსთა მინისტრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2022 წელს დაგეგმილი საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა საკმარისი არ არის, თუმცა, ამ კუთხით მთავრობა აგრძელებს მუშაობას და ერთგვარი გარანტიების შემუშავება იგეგმება.

ლაშა ხუციშვილის თქმით, მომავალ წელს მეტი რესურსის გამოყოფა სამწუხაროდ შეუძლებელია.

„წარმოდგენილ ბიუჯეტში, საჯარო მოხელეების სახელფასო ანაზღაურების ზრდასთან ერთად, განსაზღვრულია მთავრობისადმი დავალება, რომელიც გულისხმობს შემდეგს: საქართველოს მთავრობამ მომდევნო წლის პირველ ივნისამდე უნდა წარმოადგინოს ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა იქნება გარკვეულწილად მოწესრიგებული და მსგავსი რეგულაციის შემოღება იქნება გარანტია იმისა, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელის ხელფასი ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკის განვითარების პროპორციულად“,  განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადამუშავებული 2022 წლის ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
კვირის ამბები