საზოგადოება
03.12.2019 11:05
გორის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ნიკო კეცხოველის სახელობის გორის პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და განახლებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წითელი ლენტი სკოლის დირექტორთან ერთად, სწორედ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გაჭრეს. შემდეგ კი, ახლადრეაბილიტირებული საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები და სპორტული მოედანი დაათვალიერეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა სტუმრებისთვის რამდენიმე მუსიკალური და თეატრალური ნომერი შეასრულეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, პირველ სკოლასთან ერთად, მუნიციპალიტეტის 24 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილობრივი რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც 1 611 432 ლარი გაიხარჯა. აღნიშნული თანხიდან 326 000 ლარი პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის გაიხარჯა.

კვირის ამბები