კონფლიქტები
17.11.2021 10:45
ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში მყოფი გენადი ბესტაევი, რომელსაც ინსულტი განუვითარდა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადმოყვანილი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავების მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი, რომელსაც ორი დღის წინ ინსულტი განუვითარდა,  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადმოყვანილი და მკურნალობა უტარდება, - ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად, განხორციელდა საქართველოს მოქალაქის გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას გაეწევა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.

უკანონო დაკავებები არა მარტო უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლეს.

მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათი ჯანმრთელობის დაზიანებასა და ადგილზე განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფ გენადი ბესტაევს ინსულტი მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
რა შეეხება დე ფაქტო რეჟიმის განცხადებას, ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას გენადი ბესტაევის შეწყალების შესახებ. მათივე ცნობით, შეწყალების გადაწყვეტილება ბიბილოვმა ბესტაევის ავადმყოფობის გამო მიიღო.

კვირის ამბები