საზოგადოება
17.11.2021 10:19
2022 წლის 25 აპრილიდან მართვის მოწმობის აღება მხოლოდ რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარებითაა შესაძლებელი
საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ახალი კანონის თანახმად, მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო ხდება. 

„2022 წლის 25 აპრილიდან გახდება სავალდებულო რეალურ პირობებში მართვის მოწმობის ჩაბარება, ეს ეხება პირველ ეტაპზე ,,B“ და ,,BE“ ეკატეგორიის ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან, რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად“, - განაცხადა პლენარულ სესიაზე შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ.

ავტოტრანსპორტის მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი  ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება), ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე“, - წერია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.
კვირის ამბები