საზოგადოება
17.11.2021 10:04
Georgia e-Health-ი, აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობას შევძლებთ

ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, სადაც ამ ეტაპზე 49 ქვეყანაა გაწევრიანებული, საქართველო გუშინ შეუერთდა. საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები, რაც ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ ინფორმაციას მოიცავს, აღნიშნულ სივრცეში უკვე ჩაერთო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საზოგადოებას კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობის ტექნიკური დეტალები განუმარტა.

კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობისთვის, საჭიროა გადმოვწეროთ app store-დან და google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც Georgia e-Health ჰქვია.

„იმისთვის, რომ ვისარგებლოთ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ app store-დან და google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health, გავიაროთ საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR ტესტირებას და კოვიდ-ინფექციის გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში. ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი სტატუსის დადასტურებას“, - განაცხადა ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში გუშინ შევიდა.

კვირის ამბები