კონფლიქტები
02.12.2019 17:07
დე ფაქტო რეჟიმი ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტს ხსნის

ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ლიდერებმა ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ეს განცხადება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედიამ გაავრცელა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის აღდგება ოკუპირებული დაბის მიმართულებით მოძრაობა.

,,ორ დღეში ზუსტად 3 თვე ხდება, რაც ახალგორის შესასვლელი ჩაკეტილია და მოსახლეობა იზოლაციაშია მოქცეული. ძალიან კარგია, რომ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს. ეს არის ჰუმანიტარული მიმართულება, რაც უკიდურესად აზარალებს ოკუპირებულ დაბაში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ახალგორში მცხოვრები მოსახლეობა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ კონკრეტული თარიღი დაზუსტებული არ არის, ანუ დღეს აღდგება მოძრაობა თუ ხვალ ან ზეგ, ზუსტად არ ვიცით. ამ დროისთვის გადაადგილება კვლავ შეწყვეტილია“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.      

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადასვლის უფლებას მხოლოდ იმ პირებს მისცემს, რომლებსაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვთ.

კვირის ამბები