ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას რამდენიმე მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის აღიარების შესახებ, - აღნიშნული განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყების წინ, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების ევროკომისარმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან გააკეთა.
მედიის ცნობით, ევროკავშირი საქართველოში გაცემულ კოვიდ-სერტიფიკატს ხვალიდან აღიარებს და გადაწყვეტილება დაუყოვნებლად შევა ძალაში.
„მე მაქვს რამდენიმე კარგი ამბავი, რომელიც კორონავირუსის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება. დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოლდოვის, საქართველოს და სერბეთის მიერ გაცემული კორონავირუსის სერტიფიკატების ეკვივალენტურობის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის იქნება იოლი ევროკავშირში მოგზაურობა, არამედ ევროკავშირის მოქალაქეებიც შეძლებენ მოგზაურობას ამ ქვეყნებში“, - განაცხადა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ.
ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში ევროკავშირის წევრმა ერთმა ქვეყანამ - ჩეხეთმა, ინდივიდუალურად აღიარა საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი.