საზოგადოება
15.11.2021 14:23
კორონავირუსის ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის დაწყებიდან ორი თვე გავიდა - გათამაშებულია 1 620 000 ლარი

კორონავირუსის ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის დაწყებიდან ორი თვე გავიდა. დღევანდელი მონაცემებით, სხვადასხვა საპრიზო თანხა 10 233-მა მოქალაქემ მიიღო, მთლიანობაში კი, 1 620 000 ლარია გათამაშებული.

გათამაშების დღევანდელი შედეგების მიხედვით, 500-ლარიანი საპრიზო თანხა გორში რეგისტრირებულმა ერთმა მოქალაქემ მოიგო. stopcov.lotto.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულმა პირმა ვაქცინაცია გორში ჩაიტარა.

რაც შეეხება 100-ლარიან საპრიზო თანხას, 15 ნოემბრის გათამაშებაში, ამ საპრიზო კატეგორიაში 6 გორელს გაუღიმა ბედმა, მათგან სამი გორში, სამი კი - თბილისში აიცრა.

გარდა ამისა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა, თუმცა გორში ვაქცინირებულმა სამმა პირმა მოიგო 100-ლარიანი ფულადი პრიზი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების მიზნით, ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებას 13 სექტემბრიდან ახორციელებს. როგორც ცნობილია, 31 დეკემბერს, გრანდიოზული ფინალური გათამაშება ჩაარდება, რომელშიც საქართველოში ვაქცინირებული ყველა მოქალაქე ჩაერთვება. ფინალური გათამაშების საპრიზო თანხა 100 000 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, პირი წამახალისებელ გათამაშებათი აცრის შემდეგ ავტომატურად ერთვება.  

კვირის ამბები