საზოგადოება
15.11.2021 11:53
გორის მესამე საჯარო სკოლა დღეიდან ისევ ონლაინსწავლებაზე გადავიდა - ამ დროისთვის სწავლების დისტანციური მოდელი რვა სკოლაში მოქმედებს

გორის მესამე საჯარო სკოლის რამდენიმე პედაგოგს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, აქედან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ისევ დისტანციური სწავლების მოდელი ამოქმედდა. როგორც „გორის მაცნეს“ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა, დღევანდელი მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 8 სკოლა იმყოფება.

„კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის რამდენიმე შემთხვევის გამო, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, დღევანდელი დღიდან სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდა გორის მესამე საჯარო სკოლა, ეს პროცესი 26 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დღეის მონაცემებით, სულ 8 სკოლაში მოქმედებს ონლაინსწავლება, რაც შეეხება ცალკეულ კლასებს, გეტყვით, რომ 13 სკოლის 23 კლასის მოსწავლე იღებს განათლებას დისტანციურ რეჟიმში“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორის მესამე საჯარო სკოლა 26 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით სწავლების სრულად დისტანციური მოდელით ახორციელებდა სასწავლო პროცესს.

კვირის ამბები