საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე ასაკის 518 ბავშვია აცრილი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრეიძემ განაცხადა.
გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვთა ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალი არ არის, თუმცა როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობს, თანდათან მოიმატებს. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ორი წლის განმავლობაში ინფიცირებულთა შორის ბავშვების წილი დაბალი არ არის და საყურადღებოა.
„ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი არ არის დაბალი. მთლიანად იმ ინფიცირებულთა შორის, რაც დადასტურებულია ამ ორი წლის განმავლობაში, ბავშვების წილი 120 000 ფარგლებშია. ბავშვები საკმაოდ ხშირად ინფიცირდებიან, მაგრამ შედარებით მსუბუქად გადააქვთ, თუმცა იცით რომ რვა შემთხვევა გვქონდა ფატალობის. ბავშვები ასევე მარტივად ავრცელებენ, აინფიცირებენ მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს. ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ბავშვთა ვაქცინაცია და მოიცვა მოზარდების დიდი ნაწილი. დავიწყეთ 12-15 წლის ასაკში ვაქცინაცია, ამ დროისთვის, 518 ბავშვია აცრილი, აქედან 48 სრულად. დიდი აქტიურობა არ არის, მაგრამ აქტიურობა თანდათან მოიმატებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.