სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები მაღალია და იმის გამო იმატებს, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ გაბუნიას განცხადებითვე, გარდაცვალების შემთხვევების მატების პირველი მიზეზი არის „დელტა“ შტამის მეტად აგრესიული ბუნება.
„პროპორციულად, სიკვდილობის მაჩვენებელი 1.4 %-ის ფარგლებში რჩება, თუმცა, აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია. მაქსიმალურად ცდილობს კლინიკური ჯგუფი, რომ მედიკამენტების გამოყენებით, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომია, გაუმჯობესდეს მკურნალობის ხარისხი. სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები მაღალია და პირველი მიზეზი მაინც არის „დელტა“ შტამის მეტად აგრესიული ბუნება, სხვადასხვა ქვეყნის კვლევამ მიუთითა, რომ „დელტა“ შტამი იწვევს მეტ რეანიმაციას და სიკვდილობას მეტად უკავშირდება. უნდა ითქვას ისიც, რომ რომ გასული ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო, ზოგ შემთხვევაში 6 ათასს გადააჭარბა და ამის გამოც იმატა გარდაცვალების შემთხვევებმა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.